Party: 'სოლიდარობა ქალებს'
Main page > ქალთა კლუბი Women Club > 'სოლიდარობა ქალებს'
You will be the first one to know when pictures are uploaded!
მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ ასოციაციასთან “ქალები რეგიონების განვითარებისათვის” არსებული ქალთა კლუბი უკანასკნელ პერიოდში ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის დაგმობის მიზნით 22-29 ოქტომბერს მართავს კვირეულს სახელწოდებით "სოლიდარობა ქალებს!" კვირეული დაიწყო "სოლიდარობის ფრანების" გაშვებით, სიმბოლურად ხმის მისაწვდენად ყველა იმ ქალისათვის, რომელიც ძალადობის მსხვერპლია. კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართება ბრიფინგი დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში (28 ოქტომბერი - 13.00 სთ) და აქცია-მსვლელობა (29 ოქტომბერი 13.00).
გთხოვთ შემოგვიერთდეთ, 29 ოქტომბერს 13.00 სთ-ზე, აქცია-მსვლელობაზე, რომელიც სტარტს აიღებს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში და დასრულდება ქალთა ხეივანთან (რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორია), რათა ერთად დავაფიქსიროთ ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიცია. ერთად მეტს შევძლებთ! სოლიდარობა ქალებს! კვირეულის სიმბოლოდ ქალთა კლუბის მიერ შერჩეულ იქნა ქალთა კლუბის თავმჯდომარის მხატვარ ქრისტინე რობაქიძის ნახატი " ვერ ვლაპარაკობ! არ მესმის ! ვერ ვხედავ! " (იხ. თანდართული ფაილები) ღია წერილი არასამთავრობო ორგანიზაციებს, მასმედიას, საზოგადოების ყველა წევრს!
ასოციაციასთან “ქალები რეგიონების განვითარებისათვის” არსებული ქალთა კლუბი გამოხატავს შეშფოთებას ჩვენს ქვეყანაში უკანასკნელ პერიოდში ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტების გამო, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა ქალთა სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ეკონომიკური თუ სოციალური კეთილდღეობა. განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ ვერ ვუმკლავდებით ძალადობის პრობლემას, თუმცა შესაძლებელია აქტიური ნაბიჯების გადადგმა და წარმატება დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ხედავს საზოგადოება ოჯახში ძალადობის პრობლემას, რას მიიჩნევთ მის მიზეზად და რა გზებით ვებრძვით მას. ქალთა კლუბი მხარს უჭერს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გატარებას, რაც არის მთავარი ასპექტი დემოკრატიის, მოდერნიზაციისა და ევროპიზაციის გზაზე. ქალთა კლუბის წევრებისათვის მიუღებელია ძალადობის გამამართლებელი შეფასებები, რამაც შესაძლოა წააქეზოს პოტენციური მოძალადე. ის, რაც ერთ ქალს, ერთ ოჯახს ეხება, გვეხება ყველას, რადგან მომავალი თაობისათვის კარგსაც და ცუდ საქციელსაც აქვს მაგალითის ძალა. მხოლოდ ზნეკეთილ, თანაგანცდის კულტურით გამსჭვალულ საზოგადოებას აქვს ნათელი მომავალი. ასევე შემაშფოთებელია, როცა ოჯახში ძალადობის რეალური მსხვერპლნი არიან ბავშვები და ირღვევა დედის არა მხოლოდ, როგორც ქალის, არამედ მისი, როგორც მშობლის უფლებები, რადგან მას არ ძალუძს დაიცვას ასევე ძალადობის მსხვერპლად ქცეული შვილი. კლუბი მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს მიუხედავად ასაკისა, რელიგიური მრწამსისა, ეთნიკური კუთვნილებისა, პროფესიისა, გამოხატოს სოლიდარობა ქალთა მიმართ, გავერთიანდეთ ოჯახური ღირებულებების, ოჯახის, როგორც ერთობის დაცვის, მისი გადარჩენისა და შესაბამისი ღირებულებების შენარჩუნებისათვის... ძალადობის მსხვერპლი ხვალ შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჩვენგანი, ჩვენი ოჯახის წევრი, მეგობარი, ნათესავი, ნაცნობი. მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ, დააფიქსიროთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია. სოლიდარობა ქალებს! ასოციაციასთან “ქალები რეგიონების განვითარებისათვის” არსებული ქალთა კლუბი